logo
ENG



"დაუმესიჯეთ პრემიერს, ამაღამ კლუბები იხსნება" - ხიდის წარმომადგენელი ინსპექციას ეხმაურება

17 დეკ 202119:01
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/17/rvrmwk88mkixsn6.jpg

კლუბ ხიდის წარმომადგენელი სოფო ებრალიძე შრომის ინსპექციის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ღამის კლუბებში ღონისძიების გამართვა ამ დრომდე აკრძალულია და ამბობს, რომ დღეს ღამის კლუბები გაიხსნება. 

"დაუმესიჯეთ პრემიერმინისტრს. ამაღამ კლუბები იხსნება", - წერს ებრალიძე. 

შრომის ინსპექციის ინფორმაციით, ღამის კლუბებში ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის. ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ ღამის კლუბები მუშაობას 17 დეკებერს განაახლებდნენ. 

ინსპექციის განცხადებას კლუბ მტკვარზე-ს დამფუძნებელი ქეთა გაბუნიაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ღონისძიებები დღეს ჩატარდება და მთავრობამ დიდი ხანია იცის, რომ კლუბები 17-18 დეკემბერს იხსნებოდა, თუმცა კლუბები საკოორდინაციო საბჭოსგან დასტურს ამ დრომდე ელოდნენ.

ცნობისთვის, რამდენიმე თვეა, საკლუბო ინდუსტრია გახსნასთან დაკავშირებით მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მძიმე ფინანსური პრობლემები აქვთ და გახსნა აუცილებელია. 

შრომის ინსპექციამ ხიდი 3 დეკემბერს დააჯარიმა, დალუქვის შესახებ ბრძანება გასცა და ხიდს გონივრული ვადა მისცა კლუბის დასატოვებლად. მოგვიანებით ხიდმა გაავრცელა განცხადება, რომ ამ ეტაპზე კლუბს ტოვებდნენ და პასუხისმგებელ პირებს "გონივრულ ვადას" აძლევდნენ, რომ კლუბის მუშაობა დაეშვათ.

ასევე, შრომის ინსპექციამ 4 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, რომ მოუწოდებენ ღამის კლუბებს არ განახორციელონ აკრძალული საქმიანობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელი, ჯარიმისა თუ დალუქვის სახით.

პროფესიული კავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ამბობს, რომ საკლუბო სექტორში დაახლოებით 8 000 ადამიანია დასაქმებული და ისინი 21 თვეა შემოსავლის გარეშე დარჩნენ. პეტრიაშვილის თქმით, მიმდინარეობდა კონსულტაციები კლუბების ასოციაციასთან და ყველა პარამეტრებით, 20 დეკემბრამდე უნდა განხორციელებულიყო რეგულაციები, რომლის შედეგად უნდა მოხერხებულიყო კლუბის ისე ამუშავება, რომ ადამიანები ყოფილიყვნენ დაცულად. პეტრიაშვილის თქმით, სრულად გაუგებარია შრომის ინსპექციის გადაწყვეტილება.

აღსანიშნავია, რომ დღეს თბილისის რამდენიმე ღამის კლუბში გასართობი ღონისძიებაა ჩანიშნული. 


close დახურვა